Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

მაშ ასე, ბედისწერა

ბედისწერა, ხშირად ჩვენი საყვარელი სიტყვაა, ის არ იყო ჩემი ბედისწერა, ალბათ ბედისწერას ესე არ უნდოდა, ესეიგი ეს იყო ჩემი ბედისწერა, ბოლოს ყველაფერი ისე მოხდა როგორც ბედისწერამ ინება. გვიყვარს ეს სიტყვა, ვიმალებით მის მიღმა, ვიყენებთ მას, ვაბრალებთ მას, თავს ვიმშვიდებთ მისით, ბოლო ბოლო ეს ხომ მართლა ესეა, განა არა? განა მე ყველაფერი არ გავაკეთე? განა ბოლომდე არ დავიხარჯე? თუ მთელი ჩემი მონდომების მიუხედავად ეს არ გამოვიდა ესეიგი ეს არც იყო ჩემი ბედისწერა, ხო? ჰმმმმ…. ბოლომდე კი დაიხარჯე?

თვით ბედისწერის კონცეფციაც კი მაშინებს, რა გამოდის, ჩვენ არა გვაქ თავისუფალი ნება? ჩვენი ხვედრი ჩვენს დაბადებამდევე განსაზღვრულია? ეს არის ის რაც ჩვენ გველის? და აზრი არ აქ ჩვენს ბრძოლას? თავი დავიმშვიდოთ ბედისწერით? ძვირფასო, ეს არის ის რაც შენ გინდა? ამას ეტყვი შენ თავს შენი სინათლის ჩაქრობამდე რამოდენიმე წამით ადრე, როცა დრო უსასრულოდ გაიწელება და მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაგიქროლებს, ეს არის ის რასაც შენ იტყვი ბოლო წამს? სინანული არ დაგრჩება? არ ინანებ იმას რომ დანებდი იქ სადაც თავი ბოლომდე არ უნდა დაგეზოგა? არ ინანებ იმას რომ არ თქვი ყველაფერი რაც სულში გქონდა? არ ინანებ რომ ბოლომდე არ ამოიღე სათქმელი გულიდან? რისი შეგეშინდა? ან რისი იმედი გქონდა? აი შენი დროც მოვიდა, დრო უსასრულოდ იწელება, ყოველი წამი საუკუნედ გადის და შენ ხედავ შენს ცხოვრებას ხელახლა, ფირივით მიქრის შენი მოგონებები, კარგი, ცუდი, მხირული, სევდიანი და მათ შორის ყველაზე ღრმა და დამამწუხრებელი სინანულია, აკვიატებული ფიქრი იმისა თუ რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო სხვანაერად რომ მოქცეულიყავი, რა იქნებოდა რომ არ დანებებულიყავი, რა იქნებოდა რომ სათქმელი ბოლომდე გეთქვა… ხოოოო… მაგრამ ეს ხომ ბედისწერა იყო არა? თუ ეს შენი სისუსტე იყო? შენი გაუმბედავობა, შენი შიში სულიერად გაშიშვლებულიყავი, შენი შიში გეთქვა შენი გულის ნადები და გესაუბრა საკუთარ სისუსტეებზე, გეღიარებინა საკუთარი მინუსები და ნეგატიური მხარეები. ეჰ, ეგო… უნდობლობა…

სინანული და ბედისწერა, ერთი შეხედვით რა საერთო შეიძლება მათ ჰქონდეთ, მაგრამ აი ჩვენ აქ ვართ, ვიყურებით უკან, წარსულში, ჩვენი ცხოვრების ფირი ბრუნავს და ბრუნავს და რამდენადაც ძლიერ არ უნდა გვინდოდეს კადრის უკან დაბრუნება და სხვანაერად მოქცევა ეს უკვე შეუძლებელია, არანერი ბედისწერა არ იყო, ეს სხვა არაფერი არ იყო თუ არა ჩვენი სისუსტე და არასწორი არჩევანი… როგორ ვისურვებდით უკან დაბრუნებას, გვინდა ვიყვიროთ მთელი გულით, ვევედროთ ყველა წმინდანს რათა მეორე შანსი მოგვცენ, რათა დავბრუნდეთ უკან, და თუნდაც ერთი რამ სხვანაერად გავაკეთოთ, არ ვატკინოთ გული ადამიანს რომელიც ესოდენ ძვირფასი იყო ჩვენთვის, გავაკეთოთ მეტი სიკეთე, შევცვალოთ ჩვენი არჩევანი, ღვთის გულისათვის, მეორე შანსი რათა ყველაფერი სხვანაერად დატრიალდეს, რათა უკეთ ვქნათ ამჯერად, ამჯერად ჩვენ უკვე ვიცით, ამჯერად ჩვენ გვესმის.

სამწუხაროდ ის რაც მოხდა მოხდა, დრო ერთი მიმართულებით მიდის და ჩვენ მოგვეცა შანსი ჩვენი არჩევანი გაგვეკეთებინა, ჩვენ გვაქ საკუთარი ნება და უფლება იმისა რომ საკუთარი გადაწყვეტილება თავად მივიღოთ, ეს ჩვენი ბედნიერებაცაა და უბედურებაც ამავდროულად. წარსულს ვეღარ შევცვლით, უკან ვეღარ დავბრუნდებით, ერთადერთი რაც დაგვრჩენია ეს არის ის რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა მომავალში, თუ ოდესმე დავდგებით არჩევნის წინაშე ამჯერად არ შევშინდეთ, ამჯერად გულახდილები ვიყოთ, ამჯერად მაინც ვთქვათ ყველაფერი ბოლომდე სანამ გვიან არ არის, ამჯერად მაინც გავაკეთოთ სიკეთე, ამჯერად მაინც ვიბრძლოთ ბოლომდე, ბოლომდე სანამ დაღლილობისგან გონებას არ დავკარგავთ, ამჯერად მაინც არ შეგვეშინდეს, ამჯერად მაინც არ მოვატყუოთ საკუთარი თავი, ამჯერად მაინც არ ამოვეფაროთ ბედისწერას, ამჯერად მაინც… მეორე შანსი ღმერთმანი, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად…

ყველა შევეჯახებით ჩვენს აღსასრულს, ეს გარდაუვალია, ყველა მივეცემით დავიწყებას ადრე თუ გვიან, ის რაც ჩვენ შეგვიძლია ეს არის სიცოცხლე სინანულის გარეშე, თუ შენ მართლა ბოლომდე გულახდილი იყავი, თუ შენ მართლა ბოლომდე იბრძოლე და არ დაზოგე საკუთარი თავი შენი მიზნებისთვის, შენი ოცნებებისთვის მაშინ სიკვდილსაც ღირსეულად შეხვდები ბოლოს, არა? წელში გაშლილი, ღიმილით და ბედნიერებით მიიღებ მას, არ ინანებ საკუთარ არჩევანს, არ იგრძნობ სინანულს საკუთარი თავის მიმართ, აღარ ისურვებ კადრის გაჩერებას, არ ისურვებ დროის უკან დაბრუნებას, ბოლომდე დატკბები საკუთარი ფირით, საკუთარი გადაწყვეტილებებით და შეეგებები დასასრულს ღირსეულად, მშვიდად.

თუკი ოდესმე გექნებათ არჩევანი მოიქცეთ სწორად ან მოიქცეთ კეთილად ყოველთვის აირჩიეთ სიკეთე, გულიდან წამოსული, ჭეშმარიტი და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფი სიკეთე და გინდათ თუ არა თქვენი არჩევანი ყოველთვის სწორი იქნება, აი ასე, მარტივად, ბანალურად, გულახდილად და პირდაპირ, თქვით ისე როგორც არის, არ დააგვიანოთ და არ იდარდოთ, ქენით ის რაც უნდა ქნათ და ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ ძაან მომთხოვნი და დაუნდობელი, ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ და უბრალოდ ადამიანები ბოლო ბოლო.