60, 70 ან 80 წელი ეს არის ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა (რათქმაუნდა სხვადასხვა ქვეყნებსში ეს მონაცემი განსხვავებულია) რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება დასრულდება, ვფიქრობთ ამ რიცხვებზე და რა მოდის თავში აზრად? შიში? სიცარიელი? ცნობისმოყვარეობა? ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ხედავს დასასრულს, თუმცა რა მოხდება შემდეგ? რა გველოდება ჩვენ და რისკენ მივისწრაფით? რაშია ცხოვრების აზრი თუ სიკვდილი გარდაუვალია? კარიერული წინსვლა? ქონების დაგროვება? სამყაროს შეცნობა? საკუთარ სულში ჩახედვა და შეგუება? არსებობს სწორი პასუხი ამ შეკითხვებზე? და საერთოდ რას წარმოადგენს ეს სწორი პასუხი თუ ყველას განსხვავებული ხედვა გვაქ?
“ყველაზე მეტად რა გაოცებთ ადამიანში? – ჰკითხეს ღმერთს და მან უპასუხა…“მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას და შემდეგ ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზე… ისინი ფულის შოვნაში კარგავენ ჯანმრთელობას, მერე კი ამ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობის აღდგენაში… ისინი იმდენს ფიქრობენ მომავალზე, რომ ივიწყებენ აწმყოს იმდენად, რომ არ ცხოვრობენ არც აწმყოში და არც მომავალში… ისინი ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე თითქოს არასდროს უცხოვრიათ …”
ალბათ ყველაფერი მაინც ელემენტალურ საკვანძო მომენტამდე დადის, გააკეთო სიკეთე. ეს არის საფუძველი და საწყისი რომელიც ხეს გავს, დიახ ხეს სადაც ყველაფერი იწყება ერთი დიდი სხეულიდან რომელიც შემდგომ იძენს ბევრ განსხვავებულ ტოტს და იქსაქსება უსასრულობამდე. ჩემი აზრით ძირითადი მიზანი ალბათ მაინც საკუთარი თავის შექმნაა, ჩვენ არ ვიბადებით შეხედულებებით, ჩვევებით და მოქმედებებით, ჩვენ ვიძენთ მათ დროთა განმავლობაში. წინაღობები რაც გვხვდება ცხოვრებაში, ტკივილი, სიხარული, სევდა, განცდები ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გვაყალიბებს ჩვენ პიროვნებებად, ჩვენი მოქმედება განსხვავებულ სიტუაციაში და რეაგირება გარემოს პირობებზე გამოხატავს ჩვენს პიროვნულ მეს, იქნება ეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება თუ პირიქით ცინიზმი გარშემო მყოფების მიმართ, მათი აბუჩად აგდება, დაჩაგვრა და ტკივილის მიყენება. არჩევანის საშუალება ყველას აქვს რაც განაპირობებს მათ სულიერ მდგომარეობას. თუ ამ თვალსაზრისით გადახედავთ ამჟამინდელ ცხოვრებას რა მოდის პირველი თავში აზრად? ალბათ ძალაუნებურად ფიქრობ, რომ ეს ერთგვარი ევოლუციის საფეხურია, გამოცდა, განვითარება და ა.შ. ჩემი აზრით ეს ცხოვრება სულის განვითარების ერთ-ერთი საწყისი ეტაპია, რამდენი საფეხურია წინ კიდევ და რა გველოდება ბოლოში? ამაზე პასუხის გაცემა სიმართლე გითხრათ მიჭირს, იქნებ სამყარო არც ისე კომპლექსურია როგორც მე მეჩვენება და ყველაფერი გაცილებით მარტივია? ძნელი სათქმელია. თუმცა ერთი რამ უდავოა მოცემული დრო მეტისმეტად პატარაა იმისათვის, რომ დახარჯო ის ერთფეროვნებისთვის და სინანულისთვის, სამყარო მართლაც მშვენიერია და გარშემო იმდენი საოცარი რამაა რისი ნახვაც და განცდაც ბევრ რამედ ღირს.