Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

We are, we are… The Youth Of The Nation

მაშ ასე, მოკლედ და მარტივად, ყოველდღიური რეალობა ქართული ახალგაზრდობისა გამოიყურება შემდეგნაირად:

ბირჟა – გარეთ დგომა/ჯდომა უაზროდ, ყაყანი, უწმაწური სიტყვების გამოყენება მთელს ხმაზე, ჯოკერი, ტოტალიზატორი და სხვა აზარტული თამაშები რომლებიც საბოლოოდ მთავრდება გაუთავებელი ვალებით, დეპრესიით და ონლაინ სესხებით. მუდმივი სასაუბრო თემები შემოიფარგლება დებატებით: ბარსა ჯობია თუ რეალი? მერსედესი თუ მბვ.
საყვარელი საქმიანობა: „კაჩაობა“, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება.

სმა – დღევანდელ რეალობაში უკიდურესად საამაყოა ის თუ რამდენად დიდზეა თქვენი სტომაქი გაწელილი, ანუ რამდენი ლიტრი ღვინო ჩადის თქვენს დეფორმირებულ კუჭში. ასევე აღსანიშნავია რომ თქვენი გაწელილი კუჭის ზომა პირდაპირპროპორციულია თქვენი თვითშეფასებისა.

სტილი – შავი ფერის სამოსი, ასევე შავი სათვალე (რომელიც აუცილებლად უნდა გეკეთოთ იმ შემთხვევაშიც თუ კი თქვენ იმყოფებით მეტროში, ღრუბლიან ამინდში და ა.შ.), სახის ნაკვთები გამუდმებით უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას და ბრაზს. სასურველი აქსესუარები მოიცავს: კრიალოსანს, ბენდენას ან რაიმე ნივთვს მარიხუანის სიმბოლიკით.

ქართველი ვაჟკაცი

სამსახური – უმეტეს წილად დაუსაქმებელი და ასევე ნულოვანი სურვილი სამსახურის ძებნისა. დასაქმების შემთხვევაში დაცვის სექტორი, კონსულტანტი და სხვა უპერსპექტივო სფეროები, ასევე ხშირია კარიერული წინსვლის ან რაიმე ახალი პროფესიის ათვისებისადმი უინტერესობა. ფიქსირდება შემთხვევები როცა სამსახურზე უარს ამბობენ მოტივით: „აბა 300 ლარიან სამსახურს ხო არ ვიკადრებ“ და ოჯახის წევრებზე პარაზიტირება.

მენტალიტეტი – თუ ისინი შენიშნავენ პიროვნებას რომელიც განიხილავს ისეთ თემებს როგორიცაა: ხელოვნება, მეცნიერება, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ. იწყება ამ პიროვნების ქილიკი და დაცინვა, მისი გაიგივება ფსიქიკურად არაადეკვატურ პიროვნებასთან და აბუჩად აგდება, რის შემდეგაც ყველა ერთად დადგება, გაიცინებს და მიუბრუნდებიან თემებს: „ერთმა გუნდა გამისხა“, „ბარსა თუ რეალი“, „მერსედესი თუ ბმვ“.

მომავლის გეგმები – ახალი აიფონი (რომელსაც კრედიტით გამოიტანენ და სესხს ძაან დიდხანს ვერ დაფარავენ), ოცნება დიდ ჯიპზე, დასალევი, „ბირჟავიკობა“.

ფინანსური მდგომარეობა – „20 თეთრი ხო არ გაქ ბრატ?“

ჩვენი სახელმწიფო დღეს ერთი დიდი მანქანაა რომელიც აწარმოებს პარაზიტებს.
ეს პარაზიტები არიან ხმაურიანი, გაუნათლებლები, ფანტაზიას მოკლებული და უაზრო არსებობისთვის განწირულები. პრობლემა იმაშია რომ არ არსებობს არცერთი სტრუქტურა რომელიც მსგავსი ტიპის პიროვნებების რეაბილიტაციას მოახდენდა, ხშირ შემთხვევაში ითვლება რომ მსგავსი ყოფა ბუნებრივი მოვლენაა და გამოსწორებას არ საჭიროებს რაც დიდი შეცდომაა ასვე დიდი სავალალო შედეგებით.

თუ მსგავსი ტენდეცია გაგრძელდება ვინ იცის როგორი მენტალიტეტი ექნება შემდეგ თაობას და რა სახით მოგვევლინება მომავალში ჩვენი ქვეყნის სოციუმი?